მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის გამოსვლამ შოკი გამოიწვია. პარადოქსი ისაა, რომ რაც მან ილაპარაკა, უმეტესწილად მართალია. თუმცა მისგან, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან, ასეთი გამოსვლა პოლიტიკურად არასწორი და არადამაჯერებელია. - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
"ის მართალი იყო იმაში, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. საკმაოდ პოპულარული მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების „მაგიდასთან არმიშვების“ სტრატეგიაც არაშორსმჭვრეტელი და თავისი სულისკვეთებით არადემოკრატიულია: თუ პარტიას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, შენ ვინ ხარ, რომ „დააქენსელო“? რუმინეთში არჩევნების შედეგების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა მათი გაყალბების საბუთი არ არსებობდა. ძალიან სახიფათო პრეცედენტია.
ამ პრობლემებზე ბევრი სერიოზული ანალიტიკოსი ლაპარაკობს, ვინც ტრამპის მომხრე სულაც არაა.
ვენსისგან რატომაა ვითომ ამის თქმა არასწორი? არის წმინდა პოლიტიკური მხარე: ამერიკას რომ წარმოადგენ, ევროპელებს დემოკრატიის რაობაზე ლექციები არ უნდა უკითხო. მით უმეტეს, რუსეთის რეალური სამხედრო აგრესიის პირისპირ ევროპაში დემოკრატიის შიდა პრობლემებზე ყურადღების გადატანა პრიორიტეტების უხეში აღრევაა.
არის მორალური ასპექტიც: „რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ?“ ვენსი წარმოადგენს ტრამპს, რომელიც დემოკრატიის უმწიკვლო რაინდობისგან ძალიან შორსაა. კი, რუმინეთის პრეცედენტი ცუდია; მაგრამ ტრამპმა 2020 წლის არჩევნებში მარცხი არ მიიღო, თუმცა ამის საფუძველი არ ჰქონდა, და თავისი მომხრეები, ჯანყისკენ წააქეზა. ვენსს ის ამისთვის არ გაუკრიტიკებია. რა სინდისით „უჩმახებ“ რუმინეთს?
ვენსის გამოსვლა, არსებითად, შიდაამერიკულ კონიუნქტურაზე იყო გათვლილი: ის თითქოს ისევ ბაიდენის მომხრეებს ეკამათებოდა და თავისიანების გულის მოგებას ცდილობდა. ეს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებზე ზრუნვა არაა.
გარდა ამისა, ეს ლეგიტიმურობას აცლის იმ რეალურ პრობლემებზე საუბარს, რაც მან გამოსვლაში ახსენა. ევროპელები უფრო ადვილად აუქნევენ ხელს ამ კრიტიკას, რადგან ის „ხეპრე“ თუ „ფაშისტი“ ტრამპის მოციქულისგან მოდის." - წერს გია ნოდია "ფეისბუკზე".