„ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და 4 თვის წინ გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. ეს რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია; 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია და უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა“, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატების განცხადებას.
გიორგი პატარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან.
„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები“, – განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.