საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და რეგიონის განვითარების კუთხით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება. 

"მჯერა, თითოეული კურსდამთავრებული იმ ცოდნით, რომელიც ამ უნივერსიტეტში მიიღეთ, მოიპოვებთ ღირსეული პროფესიონალის სახელს და ამაყად, თავაწეულები ივლით ცხოვრების გზაზე.

გახსოვდეთ, რომ თქვენი გამარჯვება არის თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხისა და თქვენი პროფესორ-მასწავლებლების გამარჯვება. ეს არის იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებმაც მთელი გული, სული და ენერგია ჩადეს თქვენს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

მადლობა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და მომსახურე პერსონალს თავდადებისთვისა და მიზანდასახულობისთვის. 18-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად უნივერსიტეტი, რომელიც თავდაპირველად ერთ პატარა  სასწავლო შენობას მოიცავდა, დღეს უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერად იქცა.

არ შემიძლია, არ გამოვყო უნივერსიტეტის მართლაც გამორჩეული პოლიტიკური დანიშნულება. ფაქტობრივად, ამ უნივერსიტეტის ყოველი მესამე სტუდენტი გახლავთ აფხაზეთიდან - ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი მკვიდრნი, ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი დები და ძმები. ახლა სულ რამდენიმე კილომეტრი  გვაშორებს იმ მხარეს, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დღეს ეს არის ჩვენი დიდი გულისტკივილი თუმცა, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების განვითარების, ღირსეული მომავალი თაობების აღზრდის გზით აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს.

ყველას გილოცავთ სწავლის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ღირსეულად ატარებთ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსს” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა და უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ისაუბრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.