გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართეს და ადგილობრივებთან ერთად სოფლებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს, საიდანაც პრიორიტეტებიც განსაზღვრეს.
სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია, გზების მოხრეშა - რეაბილიტაცია, მოსაცდელების მოწყობა, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სპორტული დარბაზისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია - ეს ის ძირითადი საკითხებია რომლებიც მოსახლეობამ პრიორიტეტებად შეარჩია. სწორედ მათ მიერ შერჩეულ პროექტებს მოხმარდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა.
" სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. ვიყავით ყველა სოფელში, შევხვდით ადგილობრივებს, ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე. მოსახლეობამ, თითოეულ სოფელში, თავად შეარჩია ის პროექტები, რომლის განხორციელებაც სურთ სოფლის პროგრამით. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება აქტიურად ერთვება პროექტის შერჩევის პროცესში და პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, მცირე მასშტაბიან, თუმცა მათთვის მნიშვნელოვან პროექტზე იხარჯება " - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარი დაიხარჯება.