მშვიდობის შენარჩუნება არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი პოლიტიკური მიღწევა. და ამ პოლიტიკის მამოძრავებელი და მთავარი გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული და სახელმწიფოებრივად გააზრებული კურსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპისკენ მიდის არა მუხლმოდრეკილი, არამედ ღირსებით, არ ეგუება ოკუპაციას და აგრძელებს მშვიდობიან და გონივრულ ბრძოლას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.
“ჩვენი პოზიცია მარტივია: საქართველო ევროპისკენ მიდის არა მუხლმოდრეკილი, არამედ ღირსებით. ჩვენ გვინდა ევროპა, როგორც თანასწორი პარტნიორობის სივრცე, და არა როგორც ბიუროკრატიული მითითებების სისტემა, სადაც პატარა ქვეყანას მხოლოდ დავალებების შემსრულებლად განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის ანგარიშში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველო აგრძელებს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. სწორედ ეს არის ჩვენი, საგარეო პოლიტიკის ბირთვი. ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას. ჩვენ არ ვთმობთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვაგრძელებთ სამართლებრივ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამასთანავე, ამ ბრძოლას ვაწარმოებთ მშვიდობიანად, გონივრულად და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლიანი კურსი, განსაკუთრებით კარგად ჩანს, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე. საკმარისია შევხედოთ ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას: ომი, დაპირისპირება, უსაფრთხოების რისკები, ენერგეტიკული გამოწვევები, გეოპოლიტიკური პოლარიზაცია. ამ ფონზე საქართველო არის სტაბილურობის კუნძული. ქვეყანა, რომელმაც არ დაკარგა მშვიდობა; ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა; და ქვეყანა, რომელიც არ გახდა სხვისი ბრძოლის ველი.
ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ მშვიდობის პოლიტიკის დაკნინებას, მაგრამ მათ უნდა ვკითხოთ: რა იქნებოდა ალტერნატივა? რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, ხელისუფლებას რომ ემოქმედა მათი, რადიკალური მოწოდებების შესაბამისად? რა იქნებოდა, საქართველო რომ ჩართულიყო იმ პროცესებში, სადაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგებოდა? პასუხი მარტივია, დღეს ჩვენ არ ვისაუბრებდით ეკონომიკურ ზრდაზე, ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებლებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე ან თუნდაც ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ ვილაპარაკებდით კრიზისზე, დესტაბილიზაციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც უპასუხისმგებლო პოლიტიკა მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ უნდა ითქვას მკაფიოდ: მშვიდობის შენარჩუნება არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი პოლიტიკური მიღწევა. და ამ პოლიტიკის მამოძრავებელი და მთავარი გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული და სახელმწიფოებრივად გააზრებული კურსი.
დღეს საქართველოს სჭირდება არა რადიკალიზმი, არამედ სტაბილურობა; არა გარედან ნაკარნახევი დღის წესრიგი, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა; არა ევროპული ბიუროკრატიის ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ღირსეული პარტნიორობა, მათ შორის, ევროპასთან; არა ომის რისკი, არამედ მშვიდობა! პრემიერ-მინისტრის ანგარიში სწორედ ამ პოლიტიკის შედეგების დოკუმენტია. იგი აჩვენებს, რომ ქვეყანა, მიუხედავად მძიმე გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, დგას მყარად, იცავს მშვიდობას,იცავს სუვერენიტეტს, აძლიერებს ეკონომიკას და არავის აძლევს უფლებას, საქართველოს ეროვნული ინტერესები პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქციოს. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს ამ კურსს, რადგან ეს არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე დაფუძნებული კურსი. და ბოლოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე - საქართველო დგას მშვიდობის, განვითარების და ეროვნული ღირსების გზაზე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.