როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ჩემთვის არის ერთი განწყობა მისაღები - პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს კონკრეტული ხელისუფლება და რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი პოზიცია და ეს პოზიცია არის კონკრეტული მკაცრი პოლიტიკური ნაბიჯებით გამოხატული.

რაც შეეხება რუს ხალხს, მათ შორის რუს ტურისტს, რუსულ კულტურას და ა.შ. როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თავის დროზე, როდესაც ბრიფინგებს ვატარებდით რუსოფობიასთან დაკავშირებით 2022 წელსაც მოგვიწია არაერთი ბრიფინგის ჩატარება, გამოდიოდნენ თქვენი წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ რუსებთან მიმართებით ქსენოფობია კარგია და სწორია, რადგან ყველა რუსი ოკუპანტიაო, ამას ამბობდნენ. 

 

მახსოვს, ბავშვი როცა ვიყავი 80-იან წლებში 40 წლის მომხდარი იყო მაშინ მსოფლიო ომი. გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი, ჰიტლერი და გერმანიის ხელისუფლება კი არა, გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი. როდესაც საბჭოთა კავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა მაგალითად, უნგრეთის ოკუპაცია, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, მაშინ იქაც შეიძლება, ეგონათ საბჭოთა ხალხი ცუდი ხალხი, მათ შორის ქართველები ცუდი ხალხი. ხალხზე პოლიტიკის გადატანა არის ყველაზე აბსურდული რამე, რაც შეიძლება, გააკეთო. ამას აკეთებთ თქვენ, უცხოური აგენტურა, პარტიული აქტივი. თქვენ ცდილობთ, რომ რუს ხალხზე გადაიტანოთ ის უმძიმესი პოლიტიკური მოცემულობა, რაც ჩამოყალიბდა, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციის სახით“, - განაცხადა პრემიერმა.