სოციალური გაზი სოციალური ტარიფით საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პირველი მიმართულება უკავშირდება აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს და ტრანზიტს. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სოციალური გაზის შეთანხმების გაგრძელებას. 20 წლით იყო დადებული ეს შეთანხმება და მას ვადა ეწურებოდა ამ წლის ბოლომდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელდა 20 წლით. სოციალური გაზი სოციალური ტარიფით, სოციალური ფასით საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართულ მხარეს ძალიან კარგი შედეგები აქვს ელექტროენერგიის იმპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებითაც.
მთავრობის მეთაურმა ხელშეკრულების დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა.
„რომ არ იყოს კომერციული საიდუმლოება, კიდევ უფრო გასაგები გახდებოდა საზოგადოებისთვის ის უდიდესი სარგებელი, რომელიც ამ შეთანხმებას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. ელექტროენერგიის მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, რაც ძალიან მომგებიანია ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ფუნქციონირებას, გასული 3 წლის განმავლობაში საერთოდ იყო გაჩერებული ეს მილსადენი, არ მუშაობდა. შესაბამისად, ქვეყანა კარგავდა პოტენციურ შემოსავალს. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ აღდგება ამ მილსადენის ფუნქციონირება და ამის საფუძველზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ძალიან კარგი პირობებია, რაზეც შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან. აქაც არის კომერციული საიდუმლოება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.