თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმი „კულტურული მემკვიდრეობა-ტაო კლარჯეთი“ წარადგინა.

თსუ-ს ცნობით, ფილმი, რომელიც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ერთობლივი პროექტია, დოკუმენტური სერიალის „ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ“ ნაწილია.

ინფორმაციის მიხედვით, ფილმის გადაღებები თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა და მასში ათამდე ძეგლია შესული. სერიის თანაწამყვანია თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

„მსგავსი სახის ფილმები მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ არსებული ისტორიული ძეგლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისთვის, მათი დღევანდელი მდგომარეობის დაფიქსირებისა და შესწავლისთვის“, - განაცხადა რექტორმა.

მათივე განმარტებით, ფილმის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თემურ დოჭვირი, თსუ-ს სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.

ფილმის ავტორის თომა ჩაგელიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში მომზადდება ფილმები, ტაო კლარჯეთზე, ისრაელზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.