მეგობრებო, ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რისიც მჯეროდა, რაც სწორად მიმაჩნდა ვითარების და კონტექსტის გათვალისწინებით. რათქმაუნდა, შევმცდარვარ კიდეც და ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა ჩემია. მაგრამ არასდროს გამიკეთებია და დამირწმუნებია სხვა იმაში, რისიც თავად არ მჯეროდა. - ამის შესახებ "ლელოს" წევრო ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"26 ოქტომბრის რუსული სპეც.ოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა- ყველა მიმართულებით.
მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო.
ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი - თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.
კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.
სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი - დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!" - წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუკში"
ცნობისთვის, საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს
მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს