გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა.
მიმდინარე წლის ანგარიში და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ წარადგინა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და სააგენტოს სპეციალისტები ესწრებოდნენ.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად წარიმართა. პირველ ეტაპზე განხორციელდა მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მომდევნო ეტაპზე წამლობა განხორციელდა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში წლის განმავლობაში თერმული ნისლით დამუშავებულია 213 750 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა 107 601 ჰა ფართობი, განთავსდა 7019 ერთეული ფერომონიანი დამჭერი და 153 584 ერთეული „მოიზიდე და გაანადგურე“ ფერომონი.
სტუმრებმა მართვის ცენტრში არსებული ტექნიკა დაათვალიერეს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში ჯგუფების მუშაობის პროცესსა და თერმული ნისლით წამლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და ამისთვის შენობებს ირჩევს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური მეთოდების გამოყენება.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.