თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული კანონები ქვეყანაში თანხების შემოდინების გამჭვირვალობას ემსახურება.

როგორც მერმა ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, აღნიშნული კანონებით საზოგადოება შეძლებს, განახორციელოს კონტროლი, თუ საიდან შემოდის საქართველოში თანხები, რომელიც პოლიტიკაში იხარჯება

„ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, იმიტომ რომ, აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს, განახორციელოს კონტროლი, თუ საიდან, ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომელიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაში, პოლარიზაციაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, მოძალადეების წახალისებაში, რაც ძალიან მძიმეა. შესაბამისად, საზოგადოებას ამ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილნი, იმიტომ რომ ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი მუშაობს დიდი ხანია. პირიქით, საუბრობენ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, უფრო გამჭვირვალე გახდეს არასამთავრობოების ფინანსური მდგომარეობა, ფინანსები, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ მათ, ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს, რისი რამდენიმე მცდელობაც იყო, გაიხსენეთ, თუნდაც 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე,  არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული საქართველოში, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადი იქნება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, უნდა გადაიხედოს თუ არა აღნიშნული კანონები, მერი პასუხობს, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ მოუსმენია არგუმენტი, თუ რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონები ევროპულ მომავალს.

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი: არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ დავსხდეთ, ვისაუბროთ, მოგვიყვანეთ არგუმენტები, თუ რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს. არანაირი არგუმენტი არ არის. მერწმუნეთ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, დღემდე არ მოგვისმენია. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ვიძახით, რომ თუკი რაიმე არგუმენტი გაგაჩნიათ, წამოადგინეთ, რომ ვიმსჯელოთ, იქნებ რაღაც ჩვენ შეგვეშალა. გადმოვიტანეთ ამერიკული ფარა-ს კანონის ანალოგი, თურმე ესეც არ შეიძლება. მარტივია დასკვნის გაკეთება: იმიტომ არ სურთ აღნიშნული კანონების მიღება საქართველოში, რომ პირდაპირ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, ვინ აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს ქვეყანაში, ხელისუფლების დამხობას, ვინ იბრძვის სარწმუნოების, ეკლესიის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.