კვერეთის აღკვეთილში ვიზიტორთა მომსახურებისა და ეკოტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, ასევე ეკოტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების ქსელის, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეების, ცეცხლის დასანთები ადგილების, ტურისტული თავშესაფრებისა და სარეინჯეროების მოწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებას და კვერეთის აღკვეთილში მოგზაურობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნას.

კვერეთის აღკვეთილში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების (BSLD) პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

კვერეთის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტებით, ტყის ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, რაც ბუნებაში მოგზაურობისა და ეკოტურისტული გამოცდილების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.