პეტერ ფიშერის მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ ჩართულობას, რადიკალიზაციის წახალისებას. ის საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის განვითარებაში იყო ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას ბევრი კუდი მოებას, მაგრამ ფაქტი ერთია: ეს ადამიანი საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის განვითარებაში იყო ჩართული. მისი მხრიდან ამ პროცესის კულმინაციური ეტაპი იყო ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის საკუთრების ქირაობა, რაც გერმანული სტანდარტისთვის ყოვლად წარმოუდგენელია. გერმანიაში არათუ პოლიტიკოსთან, არამედ პოლიტიკასთან აფილირებულ პირთანაც კი არ შეიძლება ფინანსური ურთიერთობის დაჭერა. ბუნდესტაგში ამ საკითხზე კითხვები გაჩნდა. თავად საელჩოშიც, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ პროცესს სწავლობდა. არ ვიცი, სწავლობდა დავარქვა თუ რა, მაგრამ მისი ქმედებები შესწავლის საგანი იყო. ამ ფონზე გერმანიის ელჩის გაწვევას ვხედავთ. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ჩვენი კრიტიკა იყო უსაფუძვლო თუ მის გაწვევას რაიმე მიზეზი ჰქონოდა? ოპონენტებს რომ ჰკითხოთ, ამერიკის ელჩიც ასე მოწმენდილ ცაზე წავიდა, მაგრამ ადამიანს ლოგიკური დასკვნების გაკეთება თუ უნდა, ეს შესაძლებელია.

ამ გადაწყვეტილებას ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდებით. ვიმედოვნებთ, რომ საფუძველი გახდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის და არ იქნება ის პროცესი, როცა სხვა სახელით და გვარით მოვლენილი ელჩი გადაწყვეტს, დესტრუქციული დღის წესრიგი უფრო ეფექტურად განახორციელოს. ამ სცენარის განვითარება მაქსიმალურად არ გვინდა. იმედიანად ვუყურებთ, რომ ეს პროცესი ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვის კარგი დასაწყისი იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია