ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია  საგანგებო  შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ადგილზე არიან  სამაშველო სამსახურის, ასევე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. „ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი  დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული როგორც ქუთაისში, ასევე  ტყიბულში. რაც შეეხება  გრძელვადიან სამუშაო პროცესს,  ამჟამად  სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა. შექმნილია  საგანგებო  შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავსახოთ სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.