საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გიორგი კალანდიამ, ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების (Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland) კოლექციაში, XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძის პირადი არქივი აღმოაჩინა.
ამ აღმოჩენის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ საუბარია სწორედ იმ ალექსანდრე შერვაშიძეზე, რომლის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასულ წელს აფხაზეთში, გაჩენილ ხანძარს შეეწირა. მანამდე არქივი შეცდომით მიეწერებოდა "აფხაზ მხატვარს" — თუმცა თავად მხატვრის მიერ დატოვებულმა დოკუმენტებმა მისი ნამდვილი იდენტობა და კულტურული კუთვნილება ცალსახად დაადასტურა: იგი ხელს აწერდა შერვაშიძედ და არა ჩაჩბად, საკუთარ ფაქსიმილეს ქართული ასოებით ასრულებდა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ლონდონში მცხოვრებ ქართველებთან.
ახლად აღმოჩენილი არქივი განსაკუთრებით ღირებულია იმითაც, რომ მასში დაცულია ალექსანდრე შერვაშიძის ხელით შედგენილი გენეალოგია, სადაც ქართული საგვარეულო სახლების წარმომადგენლები, მათ შორის დადიანები, არაერთხელ ვხვდებით.
არქივის ციფრული ასლები ხელოვნების სასახლეში დაცულ ალექსანდრე შერვაშიძის კოლექციას შეემატება, რაც მკვლევრებსა და სტუმრებს მხატვრის ცხოვრების, შემოქმედების, რთული ისტორიისა და მისი ქართულ კულტურულ გარემოსთან კავშირების კიდევ უფრო სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
აღმოჩენა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ორგანიზებული ლონდონისა და ოქსფორდის სამეცნიერო მივლინების ფარგლებში. აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურ საზოგადოებას, თანამშრომლობისა და მათ კოლექციებში დაცული ქართული არქივების შესწავლისა და გამოყენების ნებართვისთვის.
P.S. ფოტოზე — ალექსანდრე შერვაშიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს მონტე-კარლოს მერი.