აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევებს ოთხი მიმართულებით ატარებს: უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევა, ონლაინ გამოკითხვა, ტურისტული სექტორის გამოკითხვა და ობიექტების რეიტინგული ქულები ონლაინ პლატფორმებზე.
უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევისას, აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები პირისპირ გამოკითხვის მეთოდით კვლევისას, მათთვის საუკეთესო ტურისტულ ობიექტს ასახელებენ. ონლაინ გამოკითხვის შემთხვევაში კი, ვიზიტორებს ობიექტების შეფასება ტურისტულ ობიექტებზე არსებული სპეციალური QR კოდის საშუალებით ელექტრონულად შეუძლიათ. ობიექტების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ტურისტული სექტორის გამოკითხვაა, რომლის დროსაც სპეციალური კითხვარებით გიდების, ტურისტული სააგენტოების, კვების და განთავსების ობიექტების გამოკითხვა მიმდინარეობს. საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოვლენისას ასევე გათვალისწინებულია მათი რეიტინგული ქულები Facebook-ზე, Booking.com-ზე, Tripedvisor-სა და Google-ში.
„მაგნოლია 2026“-ის დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში დეკემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან:
საუკეთესო ბრენდული სასტუმრო აჭარაში საუკეთესო სასტუმრო აჭარაშისაუკეთესო ჰოსტელი აჭარაში საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად აჭარაში ყველაზე პოპულარული რესტორანი აჭარაში საუკეთესო ტურისტული სააგენტო აჭარაში წლის საუკეთესო გიდი აჭარაშიყველაზე პოპულარული ღვინის მარანი აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში წლის პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.