„სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიკურად ვითარდება. ამის დასტურია პრეზიდენტების ვიზიტები სერბეთსა და ახლა უკვე საქართველოში. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა გახლდათ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განგვეხილა ქვეყნებს შორის ურთიერთობები,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რასაც განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ასევე გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის:
„საკმაოდ კარგი პროგრესით მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის ხელმოწერილი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ხაზგასასმელია, რომ სერბეთი და საქართველო არიან ის ქვეყნები ევროპაში, რომელთაც აქვთ როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ შემთხვევაში ჩვენს შორის ამ კავშირების დამყარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და გამოწვევებზე, რაც დგას ჩვენი ქვეყნების წინაშე; ასევე კოორდინირებულად მუშაობაზე, რაც სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.