ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, როგორც მინიმუმ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შეეხებოდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის აღნიშნული მიმართულებით, არასდროს ყოფილა.
„ვპირდები ყველას, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი შეუმჩნეველი აღარ დაგვრჩება, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს გეკა გელაძის უწყების სიძლიერე, სულხან თამაზაშვილის უწყების სიძლიერე და ა.შ. როდესაც მე ვამბობ, რომ რეალური ჯაშუში არავის დაუკავებია ჯერ ამ ქვეყანაში, გარდა ამ ბოლო პერიოდისა, ვგულისხმობ იმას, თუ ვის იჭერდნენ „ნაცების“ დროს ჯაშუშობაზე. ხან ფოტოგრაფს დააბრალეს და ხან იმათ - მიშა სააკაშვილს რომ აგინა პირდაპირ ეთერში. მერე გაზეთები ამოუღეს, რომ რუსებს გაზეთებს უგროვებდაო, ვითომ რუსები გაზეთებს თავისით ვერ იყიდდნენ.
ამ დონის ვითომ ჯაშუშობაში ბრალდებულები იყვნენ. ადამიანი, რომელიც ქსელს ხელმძღვანელობს, ფულს, დავალებებს ანაწილებს, მერე პასუხებს ითხოვს, იბარებს ანგარიშებს, არასდროს საქართველოს ისტორიაში არ დაგვიკავებია და არც ორი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი არ გვყავს აქამდე დაკავებული. ამაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ თვეების წინ. გამოვლენაზე იყო ნამუშევარი რაღაც დონეზე, მაგრამ მტკიცებულებების შეგროვება, რომ შემდეგ ეს რეალიზებული ყოფილიყო და დაკავებულები ყოფილიყვნენ რეალური ჯაშუშები, აქამდე საქართველოში არ, თუ ვერავინ გაბედა და ეს ჩვენ შევძელით. ამით მე პირადად ამაყი ვარ,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.