ქალაქისთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ფოთში სამშობიარო სერვისი არ ფუნქციონირებდა და ადგილობრივ ქალებს მშობიარობისთვის სხვა ქალაქებში უწევდათ გამგზავრება. განსაკუთრებით რთული იყო გადაუდებელი შემთხვევები, როდესაც დროული სამედიცინო დახმარების მიღებას გზასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლო გართულებების საფრთხე ახლდა.
კლინიკის დამფუძნებლისა და დირექტორის, ზვიად ქარცივაძის განცხადებით, სამშობიაროს ამოქმედება კლინიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.
„მოგეხსენებათ, ჩვენი კლინიკა 15 ივნისს გაიხსნა. მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩვენთან ვიზიტისას აღნიშნა, რომ თუ გახსნიდან სამი თვის ვადაში სამშობიარო ამოქმედდებოდა, პორტალს მივიღებდით, რაც ჩვენი შემდგომი წარმატებული საქმიანობისა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
უზომოდ გვიხარია, რომ შევძელით სამშობიაროს გახსნა, რაც თითოეული ფოთელის დიდი სურვილი და ოცნება იყო. მადლობას ვუხდით ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილს, მთლიანად სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. მივესალმებით მათ მზაობას, ხელი შეუწყონ კლინიკის განვითარებას. კლინიკამ თავისი პირობა შეასრულა და გვჯერა, რომ მალე პორტალიც გადმოგვეცემა“, - აცხადებს ზვიად ქარცივაძე.
სამშობიარო სახლის ამოქმედებით ფოთისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სამშობიარო მომსახურება საკუთარ რეგიონში მიიღოს, რაც, კლინიკის შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხელმისაწვდომობას და პაციენტების უსაფრთხოებას.