ნატა ვიბლიანი 35 წლის წინ მომხდარ გაუპატიურების ფაქტზე, ხვალ 17:00 საათზე გამოიკითხება.
ნატა ვიბლიანი საქმეზე გამოძიება 1 თვის წინ მესტიის პოლიციაში სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30 პირი და საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ნატა ვიბლიანის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და მარიამ ბარსონიძე დაიცავს.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ამ საქმეში არ უნდა მოხდეს უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით შურისძიება. ყველა კითხვაზე უნდა მოხდეს არა ჭორებით, არამედ მტკიცებულებებით პასუხის გაცემა.
" ნატა დეტალურად ჰყვება თუ როგორ წაართვეს ბავშვი, ის დაორსულდა, 13-14 წლის ასაკში ამშობიარეს და ბავშვი წაართვეს. არავინ იცის დღეს ეს ბავშვი სად არის, ცოცხალი არის თუ არა, საქართველოშია თუ სხვა ქვეყანაში. არანაირი ინფორმაცია ამ ბავშვთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არ არსებობს.
ასევე, სამწუხაროდ კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული ფორმით ემუქრებიან ნატას და გარკვეულ ბრალდებებს აჟღერებენ მისი მიმართულებით.მე მინდა საჯაროდ განვაცხადო, ყველა ამ ადამიანის გასაგონად, რომ არ დავუშვებ, ვინმემ რამე ფორმით ზემოქმედება და ზეწოლა მოახდინოს ნატას მიმართ. გამოვავლენთ ყველა იმ პირს, ვინც ემუქრება მას. არავის ჰქონდეს იმედი ვინმე გადაურჩება კანონმდებლობას. ყველა მათგანი იქნება დასჯილი კანონი მთელი სიმკაცრით..
სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდი, ვესაუბრე ნატას, შევადარე ძალიან ბევრი ფაქტი ერთმანეთს, მივიღე გარკვეული ინფორმაციები და მე, რომ არ დამეჯერებინა ნატა ვიბლიანი სიმართლის, დღეს მისი ადვოკატი ნამდვილად არ ვიქნებოდი.
ნატა ვიბლიანი გამოიკითხება სამშაბათს, ის ძალიან დიდ ინფორმაცია მიაწვდის საგამოძიებო ორგანოს.
უკვე დადასტურებულია ის გარემოებები, რომელზედაც ნატა საჯაროდ საუბრობდა. სულ ახალი დაწყებულია საგამოძიებო მოქმედება. ბევრი ფაქტი საჭიროებს გადამოწმებას და პირველ რიგში მე ვარ წინააღმდეგი, რომ რამე გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული ფაქტების გადამოწმების გარეშე, უტყუარად გადამოწმების გარეშე.
ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩენილა საბრალდებო სკამზე იმის გამო რომ დაუბრალებია, თუნდაც გაუპატიურებაც, ძალადობაც, თუმცა ნატას შემთხვევა ეს შემთხვევა არ არის.
ვინც ამბობს რომ ნატამ პირველად განაცხადა ამის შესახებ, ის უბრალოდ ცრუობს. ნატას ოჯახის წევრს ნამდვილად აქვს 90-იანი წლების ბოლოს დაწერილი განცხადება, შეტანილი პოლიციაში, ჩემი ინფორმაციით გაუპატიურების მუხლით რომ დაწყებულიყო გამოძიება. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სახელმწიფომ რეაგირება ამ უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით არ მოახდინა.
თუ სწორად ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, აქ შეიძლება მაშინდელი საგამოძიებო ორგანოს გულგრილობაც კი გამოიკვეთოს.
კომპლექსურად არის სამუშაო ყველა მიმართულებით და ვფიქრობ, ძირითადი დეტალების აღდგენა ამ საქმეზე შესაძლებელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს სახელმწიფო, მოინდომებს საგამოძიებო ორგანო...
მე, როგორც ნატა ვიბლიანის ადვოკატი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.
ჩვენ არ გვჭირდება უდანაშაულო ადამიანების დასჯა, თუმცა, რეალური დამნაშავეები ამ საქმეზე რომ არ დაისაჯონ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ამის უფლება არავის აქვს.
მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც კი რამე ინფორმაცია აქვს ამ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია. ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თქვას სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. ჩვენ არ გვჭირდება ტყუილები და გამოგონილი ფაქტები, და ამით ისინი მარტო ნატა ვიბლიანს კი არ დაეხმარებიან, მარტო საზოგადოებას კი არ დაეხმარებიან, სახელმწიფოს კი არ დაეხმარებიან, საკუთარ თავსაც დაეხმარებიან და მართლები იქნებიან საკუთარი სინდისის მიმართ და მათი სამართლებრივი მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იქნება, თუ ისინი სწორ ინფორმაციას მიაწვდიან საგამოძიებო ორგანოს. მაგრამ, თუ ისინი დამალავენ ფაქტებს, შეცდომაში შეიყვანენ გამოძიებას, შეცდომაში შეიყვანენ მართლმსაჯულებას, ასეთ შემთხვევაში მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდება. არავის ეპატიება ცრუ ჩვენების მიცემა. ცრუ ჩვენები მიცემა არის სისხლის სამართლის დანაშაულია.
არსებობს რისკი მოწმეებზე ზემოქმედების. რისკი არსებობს იმის რომ გარკვეული ინფორმაციები, რომლებსაც სხვადასხვა პირები მიაწვდიან გამოძიებას, შესაძლოა არ იყოს სიმართლე და ჭეშმარიტებისგან იყოს აცდენილი, ამიტომ წინასწარ ვაკეთებ განცხადებას, - არავინ გადაწყვიტოს ცრუ ჩვენების მიცემა! პირველ რიგში მათივე სამართლებრივი მდგომარეობა დაზიანდება ამით.
ეს არის დანაშაული, რომლის პატიება დაუშვებელია. და ყველა პირი, ვისაც დაუდასტურდება დანაშაული, კანონი ყველა სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ ტვპირველის გადაცემაში "დღის ამბები".
შეგახსენებთ, 44 წლის ნატა ვიბლიანი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში 35 წლის მომხდარ საზარელ დანაშაულზე საჯაროდ ალაპარაკდა. რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ 9 წლის ასაკში მისი ნათლიის ძმამ გააუპატიურა, რის შემდეგ მასზე სექსუალური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მისი განცხადებით, ის 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. აცხადებს რომ ძალით ამშობიარეს, ჩვილის ხმაც კი გაიგონა, მის შემდეგ კი ბავშვის შესახებ არაფერი იცის.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობის და გაუპატიურების შესახებ სოფელში ყველამ იცოდა, თუმცა მის დასაცავად არავინ გამოსულა. ბოლოს კი თანასოფლელებმა და ნათესავებმა სოფლიდან გააძევეს.
ინფორმაციისთვის, გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.