მსოფლიო ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოების შემცირების რისკები, “მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის შეფასებით, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება, პორტების მუშაობის შეზღუდვა, ევროპის ქვეყნებში გვალვებით გამოწვეული პრობლემები და სხვა ფაქტორები გლობალურ ბაზარზე ხორბლის მიწოდების შემცირების რისკს ზრდის.
„დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეგიონში შექმნილი ვითარებაა. რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული მდგომარეობის გამო მათი პორტები შეზღუდულად მუშაობს. ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 30%-ს ამარაგებს. როდესაც მათი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე სრულად ვერ გადის, გლობალურად ხორბლის ფასი იზრდება. არსებული პროგნოზებით, მომავალ წელს მსოფლიოში ხორბლის დეფიციტის რისკი საკმაოდ მაღალია. ევროპაში გვალვების გამო მოსავალი პრობლემური იყო, ანალოგიური ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ყაზახეთში. გარდა ამისა, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი პრობლემებისა და სასუქების მიწოდების შეფერხების გამო მომავალ სეზონზე მოსავლიანობის შემცირების რისკიც არსებობს. სასუქების დიდი ნაწილი დაგვიანებით მიეწოდება მწარმოებლებს, რაც საბოლოოდ მოსავალზეც აისახება. ამას ემატება რუსეთსა და უკრაინაში არსებული პრობლემები, რის გამოც მსოფლიო ბაზარზე მიწოდება შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისივე თქმით, გლობალურ ბაზარზე შესაძლო ცვლილებები საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების გაზრდა მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
„დღეს თვითუზრუნველყოფის დონე დაახლოებით 20%-ია, მაგრამ რეალური შესაძლებლობა გვაქვს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავზარდოთ და დაახლოებით 50%-მდე მივიდეთ. ამისთვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და მინისტრთან შექმნილ საბჭოშიც განიხილება ეს საკითხი. ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. მაგალითად, კანზასის უნივერსიტეტის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ საქართველოში და მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაც არსებობს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.