გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „Homo erectus-ის 100+35 წელი: დმანისი და მის მიღმა“ მიიღო მონაწილეობა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„საქართველოსთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ამასთან, ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების საკითხების კვლევა თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
კონფერენციაში 15-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოს წამყვანმა მკვლევრებმა კონფერენციის ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი პროცესების ფონზე, საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყნის როლი და მნიშვნელობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიომრავალფეროვნების, ბიო-კულტურული პროცესებისა და კლიმატური ცვლილებების ურთიერთკავშირს, ასევე ამ მიმართულებებით სამომავლო კვლევების შესაძლებლობებს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული საკითხების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის უკეთ შესწავლისა და დაცვისთვის, ისე თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების გზების განსასაზღვრავად.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. კონფერენცია Homo erectus-ის აღმოჩენიდან 135 წლისთავს, დმანისის აღმოჩენების 35 წლის იუბილესა და ადამიანის ევოლუციის კვლევაში მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიეძღვნა.