22-25 ივნისს, მაროკოს ქალაქ ტანჟერში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG) მსოფლიო კონგრესი და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტი გაიმართა.
UCLG-ის ქართული დელეგაციის შემადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.
კონგრესის ფარგლებში ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, მოქალაქეებისთვის სერვისების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.
ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავდა UCLG-ის მმართველი ორგანოების მუშაობას, პოლიტიკურ დისკუსიებსა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას.
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა თემატურ შეხვედრასა და პანელურ დისკუსიებში. მათ შორის, გაიმართა შეხვედრა თბილისის მეტროპოლიტური ქალაქების ქსელთან (Metropolis) გაწევრიანების საკითხზე.
დელეგაცია ასევე ჩაერთო ქალთა ასამბლეის მუშაობაში და დაესწრო შეხვედრას, რომელიც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას ეხებოდა. აღნიშნულ სესიაზე ქართულმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმისა და ახლად დამტკიცებული რეგულაციების შესახებ.
დღესვე, ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს UCLG-ის მმართველი ორგანოების არჩევნებში, რის შედეგადაც განისაზღვრა UCLG-ის მმართველი გუნდი, რომელიც მომდევნო პერიოდში უხელმძღვანელებს ორგანიზაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას.
კონგრესი დასრულდა „ტანჟერის დოკუმენტის“ მიღებით, რომელშიც აისახა შეხვედრების განმავლობაში მიღებული ძირითადი შეთანხმებები და გადაწყვეტილებები.
აღნიშნული დოკუმენტი UCLG-ის სამომავლო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს.