თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წევრმა ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ნოდარ ბოკერიას საქმიანობა თბილისის საკრებულოში მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: განათლებისა და კულტურის კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

ნოდარ ბოკერიამ თბილისის საკრებულოს როლსა და ძირითად უფლებამოსილებებზე ისაუბრა და ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განხილულ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის აღსანიშნავია 2026  წლის ბიუჯეტი; რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მიმდინარე ჯანდაცვის პროგრამების მიმოხილვა; მცირე ბიზნესის მხარდაჭერა; დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, პრიორიტეტებისა და პროგრამების მიმოხილვა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ნოდარ ბოკერია, როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა  კომისიაში დასმული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში.  როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, 2026 წელს განათლებისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 303,3 მილიონი ლარი, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებისთვის -  50,6 მილიონი ლარი.

ნოდარ ბოკერიამ ანგარიშში გამოყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - პროფესიული გადამზადება და დასაქმება. მან განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დაახლოებით 2600 მოქალაქე გადის პროფესიულ გადამზადებას 80-მდე სხვადასხვა მიმართულებით, წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის გათვალისწინებულია 2-თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა კერძო ორგანიზაციებში.  2026 წელს დაფინანსდა  2 056 სტუდენტი, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტები.  რაც შეეხება საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 24 საბავშვო ბაღში, 2 ბაღში  სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, აგრეთვე   6 ახალი ბაღი შენდება.

მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდება მუზეუმების განვითარება და პოპულარიზაცია: მიმდინარეობს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმების რეაბილიტაცია.

2026 წელს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, რომლის წევრიც არის ნოდარ ბოკერია,  თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისათვის ისეთი ისტორიული ფიგურების, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების სახელების მინიჭებაზე იმუშავა, როგორებიც არიან მეფე ერეკლე II, ნოე რამიშვილი, გურამ გაბისკირია, ვიქტორ სანეევი, რობერტ შუმანი.

ნოდარ ბოკერიას განცხადებით, კომისია აგრძელებს ქუჩებისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელების მინიჭებას, რაც მათი ხსოვნის უკვდავყოფას და მომავალი თაობებისათვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ემსახურება. მისივე ინფორმაციით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ფარგლებში  იმართება ასევე ღია სხდომები, სადაც სტუმრებსა და ინიციატორებს საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ,  შემდგომ ამისა ფასდება ინიციატივები და მზადდება შესაბამისი რეკომენდაციები.

ნოდარ ბოკერიას წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.