ოზურგეთში, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა საბავშვო ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, ყველაზე რთული ვითარება ამჟამად სოფელ ნატანებშია, სადაც საბავშვო ბაღის შენობის სახურავი დაზიანდა და უკვე მესამე თვეა მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.
"ბიძინა ივანიშვილის "რუსული ოცნება" რომ ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ადამიანების ძარცვით და რუსული ინტერესების გატარებით არის დაკავებული, ეს ყველამ იცის. ამის ნათელი მაგალითია ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც არის კორუმპირებული. ევროკავშირის დაფინანსებას ასაღებს ღარიბაშვილის დაფინანსებად. ნატანების ბაღი მესამე თვეა დაკეტილია იმის გამო, რომ ქარმა გადახადა და შენობაში წყალი ჩავიდა. აღნიშნული პრობლემა არის ნათელი გამოხატულება მერიის და მერის უყურადღებობის, უპასუხისმგებლობის, რომ მესამე თვეა 90-მდე აღსაზრდელი ვერ დადის ბაღში. აღნიშნულ სოფელს ჰყავს საკრებულოში წარმომადგენელი, რომელსაც ამ პრობლემაზე არც ერთხელ უსაუბრია. ჰყავს გამგებელი, რომელსაც პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჰყავს 4 თანაშემწე. ასევე, უმძიმესი მდგომარეობაა ოზურგეთის სხვა ბაღებშიც, გურიანთის საბავშვო ბაღს სახურავი სამ წელზე მეტია დაზიანებული აქვს. დაზიანებულია საწოლები, დატბორილია მეორე სართული და ბავშვებს ელემენტარულად ვერ აძინებენ. მერიის საბავშვო ბაღი, რომელიც გამგეობის შენობაშია განთავსებული, სრულიად შეუსაბამოა ბაღისთვის. ასევე კონჭკათის საბავშვო ბაღი, რომელიც განთავსებულია კერძო ძველ სახლში, არის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მოვითხოვთ მერისგან, რომ აღნიშნული პრობლემები მოაგვაროს უსწრაფესად, იზრუნოს ხალხზე და შეასრულოს მისი ვალდებულებები",- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.