პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის კუთვნილ ავტომობილს უკანა საქარე მინა ჩაუმტვრიეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფელ დუისში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მარგოშვილი მუშაობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა დაზიანებული ავტომობილის კადრები და მომხდარის ავტორს დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდა.

მომხდარ ფაქტზე "აიპრესი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს:

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ უცნობმა პირმა  მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი განზრახ  დააზიანა,  აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, ვითარების გარკვევის მიზნით ადგილზე გამოცხადნენ,  თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილმა უარი განუცხადა სამართალდამცველებს  ყოველგვარ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ მისი მანქანის უკანა საქარე მინა დაზიანებული იყო ქვით ჩარტყმის შედეგად და არ სურდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება."