თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის, იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავად აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ დროს, მისი პარტიის წევრები გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„თავად ამერიკის პრეზიდენტი არამარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, ბატონ სი ძინ პინს, მან ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, ეს არის მოცემულობა და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები, წარმოიდგინეთ, გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი და ამას მე მგონი, მაინცდამაინც ღრმა შეფასება არ სჭირდება.
იგივე ეხება ევროკავშირს, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.