საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.
მთავრობის მეთაური, უწმინდესსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა.
ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს ასევე დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი.
პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. საიუბილეო ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება