იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ  ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

"ზოგადად, საქართველოში არიან ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოშნიკები“, პარტიული აქტივისტები, ე.წ. კულტურის თუ ნამდვილად კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქმედებენ გარე დაკვეთებით. კონკრეტულად ამ კულტურის მოღვაწეების მაგალითზე ზუსტად იგივე ჩანს. შინდისის გმირობა იყო ახალი მომხდარი, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, კონცერტების გამართვას და მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მოგზაურობა რუსეთში. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე, რომ არსებობს ადამიანების გარკვეული კასტა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მოქმედებს, არა საკუთარი შეხედულებების, საკუთარი შეგრძნებების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას დაუკვეთავენ გარედან. სამწუხაროდ, ეს ვრცელდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებზეც, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.


მათ სათქმელი არაფერი აქვთ, არც სააკაშვილს, არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე სხვა  წარმომადგენელს არაფერი აქვს რეალურად სათქმელი, იმიტომ, რომ ფაქტი არის ჯიუტი, ძალიან მარტივი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით. ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს რაზე, რომ არსებითად ეს ადამიანები არიან უცხოური აგენტურა. ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან მათ გარედან“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.