ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის მიუხედავად, პარი სენ-ჟერმენი მასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელებაზე მუშაობს.

ფრანგული მედიის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები წინ წავიდა, განიხილება ხელფასის გაზრდის საკითხიც.  ფრანგული გამოცემა Le Parisien 21 ოქტომბრის სტატიაში წერს, რომ კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი, თუმცა მისი გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად წინ წავიდა.

აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ფეხბურთელის ტრავმის ფონზე. პსჟ-ის გეგმების შესახებ გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ კლუბი კვარაცხელიას მომავალშიც მნიშვნელოვან მოთამაშედ განიხილავს. ხელფასის კონკრეტული ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გამოცემა Maxifoot, L’Équipe-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ 3 სექტემბერს წერდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითად ვითარდებოდა და ახალი კონტრაქტი შესაძლოა 2030 ან 2031 წლის ივნისამდე გაფორმებულიყო. შეთანხმება ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებდა.

წყაროების მიხედვით, კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ამ ეტაპზე საუბარია მოლაპარაკებების პროგრესსა და ანაზღაურების შესაძლო ზრდაზე.