ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.
როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი უკანონობა მზია ამაღლობელის საქმეზე.
„როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ვერა დოლიძემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობა. ეს არის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც სასამართლოებმა მიიღეს. არ არსებობდა არცერთი რეალური გარემოება თუ მტკიცებულება, რომელიც პატიმრობის აუცილებლობას დაამტკიცებდა“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელმა დაკავების დღიდან 38 დღე იშიმშილა. ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საპატიმრო დაწესებულებიდან სამედიცინო დაწესებულება "ვივა მედშია" გადაყვანილი. გუშინ კი განაცხადა: "ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა"