„ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება”, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ახალ პროგრამას – “მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” იწყებს. პროგრამის ფარგლებში უკვე შეძენილია 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.
პროგრამის მიზანია ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, აძლიერებს ეკოლოგიურ ბალანსს და უზრუნველყოფს თანამედროვე, ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან საჯარო სივრცეებს.
პროგრამა დღეს ქალაქ რუსთავში დაიწყო, სადაც ქალაქის შესასვლელთან არსებულ გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 250 ძირი ხე-მცენარე, მათ შორის არიზონის კვიპაროსები და აღმოსავლური ჭადრები, დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, სამინისტროს, ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, პროგრამა თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ხედვის ნაწილია.
პროგრამის ფარგლებში დარგვითი სამუშაოები აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება და მოიცავს ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას, დეგრადირებული მწვანე ნარგაობების ჩანაცვლებასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას.