საქართველოში, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის სისტემით“ მიიღებენ.
პროექტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში თავისუფლად ინტეგრირების მიზნით. „შეიქმნა „ერთი ფანჯრის სისტემა“, სადაც ჩართულია ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის. დღეიდან გემის ადმინისტრაცია ერთიან სისტემაში შეძლებს სათანადო დოკუმენტაციას ატვირთვას და აღარ მოუწევს ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1,5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის - 4 საათამდე შეამოკლებს. ნავსადგურში გემის მომსახურების პროცესის დაჩქარება კი, თავის მხრივ, საზღვაო გადამზიდ კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. საქართველოს ნავსადგურებში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის ეტაპი 2023 წლის მაისში დაიწყო და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. სანავსადგურე პროცესების ციფრული ანალოგები ჩართული მხარეების მოთხოვნებისა და მოლოდინების გათვალისწინებით შეიქმნა. სისტემის ეფექტური დანერგვისა და მუშაობისთვის ტრენინგი 400-მდე მომხმარებელს ჩაუტარდა“,-აცხადებენ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.