პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს, რომლის რეალიზაციაც რამდენჯერმე განახორციელა.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.