სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაული გაიმართა.
დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული, ახალგაზრდული, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური პერფორმანსი - ლეგენდა ,,არგონავტებზე’’, დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ეგრისობა 2025 კი - ჯგუფ ,,ურსას“ სოლო კონცერტით დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ 2025 წლის საპატიო სენაკელები.
ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქისა და სენაკზე მზრუნველის წოდება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 9 ადამიანს მიენიჭა:
დეკანოზ ალექსი რეკვავას - ზანის ფერისცვალების სახელობის, ლესიჭინეს მიძინებისა და ოჩხომურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრების წინამძღვარს;
ელვინა ყიფიანს - საგანმანათლებლო სფეროს ღვაწლმოსილ და დამსახურებულ მუშაკს;
გიორგი გაგუას - ისტორიკოსს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ბიზნესმენს;
ლენა გოგინავას - საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, 54 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით;
მამუკა ადამიას - ძირძველ სენაკელს, ბიზნესმენს, ქველმოქმედს;
ნუგზარ ძაძამიას - ქალაქის კოლორიტს, პოლიციის მაიორს, უმწიკვლო და სანიმუშო სამსახურისთვის - შინაგან საქმეთა სამინისტროს I, II და III ხარისხის მედლების მფლობელს;
მურმან ბოჯგუას - დამსახურებულ ექიმ-პედიატრს, შპს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორს;
თენგიზ თოფურიძეს - აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის წამყვან მსახიობს, ღირსების მედლისა და თეატრის ამაგდარის საპატიო წოდებების მფლობელს, 100-მდე საკულტო სპექტაკლის მსახიობს;
სენაკზე მზრუნველის წოდება მიენიჭა ქალაქის კოლორიტს, ავთანდილ ჯოჯუას.
საპატიო სენაკელებს მედლები და სიგელები გადასცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ; სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ.
,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.