შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

დაკავებულებს შორისაა პირი, რომლის მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა  მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.