სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში, არჩილ მეფის N5-ში, 9 104 კვ.მ ფართობზე სპორტული კომპლექსი ეწყობა. ამ ეტაპზე, საფეხბურთო მოედნის საძირკვლის მომზადებისა და გასახდელების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მოვაწესრიგებდით და საფეხბურთო სკოლას მოვაწყობდით. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება. მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ზოგადად, სპორტის განვითარებაში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, ამ მხრივ კი, ბოლო წლებში ბევრი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, 3 220 კვ.მ ფართობზე მოეწყობა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 120 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ასევე, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მცირე ზომის გასახდელები.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 200 კვ.მ ფართობის პადელის მოედნის, სატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობა.
პროექტის ღირებულება 2 049 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.