სპორტის სამინისტრომ 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატისთვის წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტის ორი ახალი კატარღა გადასცა
24–26 ივლისს ოქროს ტბაზე არსებულ წყალსათხილამურო სპორტულ ბაზაზე წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტის ორი ახალი საშეჯიბრო კატარღა გადასცა. ოქროს ტბაზე Ski Nautique 2025-ის მოდელის კატარღების პირველ საცდელ გაცურვას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფედერაციის პრეზიდენტი რატი მელია ესწრებოდნენ.
კატარღები წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ისინი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის Zero Off GPS Tournament Speed Control-ის სისტემით, სპეციალურად კონფიგურირებული სარბოლო კორპუსით, ავტომატური Hydro-Gate და MicroTuners-ის სისტემებით, რაც სპორტსმენებისთვის მაქსიმალურად ზუსტ და თანაბარ პირობებს ქმნის. კატარღები ასევე აღჭურვილია PCM ZZ6 ძრავებით და სწორედ ამ ტიპის კატარღები გამოიყენება მსოფლიოსა და ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებზე. შეჯიბრების მიმდინარეობისას კატარღებს მართავენ IWWF-ის სერტიფიცირებული მძღოლები.
ჩემპიონატში მონაწილეობას 120-ამდე სპორტსმენი ევროპისა და აფრიკის 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებს. ჩემპიონატი ჩატარდება სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.
ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს: 1991 წელს ფოთში ჩატარდა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში. - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს