„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც ჩინეთის იმპორტის გამოფენაა - ორი საკმაოდ მსხვილი კომპანია დაინტერესდა და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად. ეს  ბაზარი საინტერესოა, რადგან ჩინელი მომხმარებლები კარგად არჩევენ მაღალი ხარისხის ღვინოებს“ - ამის შესახებ „თაკარა ვაინსის“ წარმომადგენელმა, თამარ შაფათავამ განაცხადა. კომპანია  შანხაიში მიმდინარე  China International Import Expo (CIIE)-ში მონაწილეობს. 

5-10 ნოემბერს შანხაი  საერთაშორისო იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას - China International Import Expo (CIIE)-ს მასპინძლობს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

40-მდე ქართული კომპანია სტუმრებს  სხვადასხვა ქართულ პროდუქტს სთავაზობს. გამოფენა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კონტაქტები დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, საცალო ქსელებთან და ონლაინ პლატფორმებთან.