ახალი ძალის" წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.
მისი განცხადებით, ახალი სისტემა სტუდენტებს მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევის მოტივაციას მისცემს და სახელმწიფო რესურსი ხარისხიან განათლებაზე იქნება ორიენტირებული.
ჩიბურდანიძის განცხადებით, დეზინფორმაციაა თითქოს სტუდენტებს დაფინანსება სრულად ეხსნებათ და რეალურად ახალი მოდელი სტუდენტებს დაფინანსების აღდგენის შესაძლებლობასაც უტოვებს.
“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ, დეტალურად განმარტა, თუ როგორი იქნება სწავლის დაფინანსების ახალი მეთოდი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. პირველი ორი სემესტრი სტუდენტს 100%-ით უფინანსდება, ხოლო შემდეგი დაფინანსება დამოკიდებულია მისი სწავლის ხარისხზე. 80%-ის ქვემოთ მას რჩება სახელმწიფოსგან 50%-იანი დაფინანსება, თუმცა, ამასთანავე, აქვს შანსი, აიღოს დამატებითი კრედიტები და ისევ მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება.
მივესალმებით განათლების მინისტრის ამ ინიციატივას. სწავლის დაფინანსების ეს მეთოდი სწორედ ის არის, რის შედეგადაც მივიღებთ განათლების მაღალ დონეს უმაღლეს სასწავლებლებში. და თუკი რომელიმე მშობელი ამ მეთოდზე პრეტენზიას გამოთქვამს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. სახელმწიფოს სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები და ფული უნდა დახარჯოს მხოლოდ ხარისხში.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს სტუდენტებს მთლიანად ეხსნებათ დაფინანსება, ისეთივე საპნის ბუშტია, როგორიც მათი სხვა მცდელობები. გასაგებია მათი სურვილი, რომ ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობა გააღვივონ, მაგრამ გაუგებარია მათი მცდელობა - რას მიაღწევენ ამ ტყუილებით? განა საზოგადოებისთვის რამე აუხსნელი დარჩება? რა თქმა უნდა, არა. ამით კი კიდევ უფრო მეტად ანადგურებენ საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
შეგახსენებთ, გივი მიქანაძის თქმით, "თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება"