თბილისის საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა მაისურაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა 2025 წლის ნოემბრიდან დღემდე საკრებულოში განხილული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა და სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეებთან კომუნიკაცია. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ვინც აქტიურობს და ჩართულია უბნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, საჭიროებების, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განხილვაში. ცხადია, ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება ვერ ხერხდება, თუმცა ვცდილობთ, თითოეულ ადამიანს, რომელიც მოგვმართავს, მაქსიმალურად დავეხმაროთ, ვუშუამდგომლოთ რაიონულ გამგეობასთან და შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებთან, გავუწიოთ კონსულტაცია და მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ყურადღება ნაძალადევში, კერძოდ, N19 საარჩევნო ოლქში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა.

აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში საგზაო ინფრასტრუქტურა 3565 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 18 მისამართზე შესრულდა და  ჯამურმა თანხამ 196 000 ლარი შეადგინა.

მიმდინარეობს სააკაძის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძოდ, N10 სკოლიდან ურუშაძის ქუჩამდე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა 2500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. სამუშაოებისთვის რაიონული გამგეობის ბიუჯეტში 300 000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე, გრძელდება ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, სადაც ამ ეტაპზე კომპანია GWP ცვლის მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. წყალსადენისა და წყალარინების ქსელის განახლების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაიწყებს გზის საფარის მოწყობას, რისი ღირებულებაც 1 680 000 ლარია. საერთო ჯამში, ახალი გზა 7000 კვ.მ ფართობზე დაიგება.

გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს 5 მისამართზე განხორციელდა, საერთო ღირებულებით 1 100 000 ლარი. ერთი-ერთი მსხვილი პროექტი გრუზინსკის შესახვევში, N23-თან მიმდინარეობს, სადაც 20 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი შენდება. გამაგრების სამუშაოების ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.

ზესტაფონის ქუჩა N18-ში მდებარე სკვერის კეთილმოწყობა კი ბოლო ეტაპზეა. ტერიტორიაზე მონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; ეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცე, ახალი საფეხმავლო ბილიკები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 540 000 ლარია.

აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 28 პროექტი შესრულდა, ამ სამუშაოების საერთო ღირებულება 748 000 ლარია. აქედან 6 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა, რომლის ღირებულება  149 000 ლარით განისაზღვრა; განხორციელდა 8 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია, ჯამური თანხა 355 000 ლარს შეადგენს; ხოლო 5 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისთვის  137 000 ლარი დაიხარჯა.

მოქალაქეებთან ერთად მაჟორიტარის შემაჯამებელ პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტში ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, დედაქალაქის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.