საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 29–31 ოქტომბერს თბილისში ევროპის ენციკლოპედიათა ქსელის (European Encyclopedia Network – EEN) კონფერენცია იმართება.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ქართული ენციკლოპედიის რედაქციის დაარსებიდან 60 წლის იუბილე მიულოცა.
„ვულოცავ ქართული ენციკლოპედიის რედაქციას და მის თანამშრომლებს დაარსებიდან 60 წლის იუბილეს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელთა პროფესიულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაში.
მჯერა, რომ აღნიშნული კონფერენცია კიდევ უფრო გააძლიერებს პროფესიულ კავშირებს და სამომავლო თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, ზურაბ აბაშიძე და ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების პრეზიდენტი, ბრუნო კრაჯიჩი.
სამდღიანი კონფერენცია ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან 60 წლისთავს ეძღვნება და მასში ევროპის 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია 1966 წლის 16 მარტს, ირაკლი აბაშიძის თაოსნობით დაარსდა. ექვსი ათწლეულის განმავლობაში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ისტორიის, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ აკადემიურად დამუშავებული ცოდნის თავმოყრისა და გავრცელების საქმეში.
ენციკლოპედია „საქართველო“ მკითხველს ქვეყნისა და ქართველი ერის შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდის და საქართველოს მსოფლიო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში წარმოაჩენს. ტრადიციულ საგამომცემლო საქმიანობასთან ერთად, ბოლო წლებში განვითარდა ენციკლოპედიის ციფრული მიმართულებაც და შეიქმნა ქართულ-ინგლისური ელექტრონული ენციკლოპედია.
ევროპის ენციკლოპედიათა ქსელში გაერთიანება ქართული ენციკლოპედიისთვის საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.