შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.
სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 11-150-ე და 11-151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.- ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.