შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის საზოგადოებას "აფხაზეთობას" ულოცავს.
"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას“!
23 მაისი განსაკუთრებული თარიღია - წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში, აფხაზეთის მიწაზე იქადაგა. სწორედ ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს - იგი წარმოაჩენს ქართველებსა და აფხაზებს შორის ერთიან ქრისტიანულ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიას, იმ კულტურულ და ადამიანურ კავშირებს, რომელთაც ვერც დრო და ვერც ხელოვნურად აღმართული ბარიერები გააქრობს.
ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი, ულამაზესი მოგონებებით არის გაჯერებული; ამავდროულად მწუხარე ფიქრის და ღრმა სევდის, მაგრამ, ასევე მტკიცე იმედის გამომხატველიცაა.
„აფხაზეთობის“ აღნიშვნა მისი უწმინდესობის ილია II-ის ინიციატივით დამკვიდრდა და იქცა მისი ურყევი რწმენის გამოხატულებად, რომ მშვიდობის, სიყვარულისა და შერიგების გზით აუცილებლად აღდგება ჩვენი ხალხის ნდობა და ერთობა - ეს რწმენა დღეს კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვრჩება პასუხისმგებლობად, რომ ამ მიზნის მიღწევის გზა იმავე სულისკვეთებით, სიბრძნითა და ღირსებით გავიაროთ.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება არის ძლიერ ქართულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც 23 მაისს არა მონატრების განცდით, არამედ ერთად ყოფნის სიხარულით შევხვდებით." - ნათქვამია თეა ახვლედიანის მილოცვაში.