ნიცის პროკურატურის ცნობით, 59 წლის მამაკაცს, რომელიც საკუთარ სახლში 17 წლის შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წინასწარ განზრახული მკვლელობის მუხლით წარედგინა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია: „საქმე საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად, მოსამართლეს წარედგინა. კაცს ბრალი წინასწარ განზრახული მკვლელობის მუხლით წარედგინა და ბრალდების მხარის მოთხოვნის შესაბამისად, პატიმრობა შეეფარდა“.

თავად ეჭვმიტანილი „სიგიჟის შეტევაზე“ საუბრობს. 

დაკავებისას 59 წლის მამაკაცმა, რომელიც პროფესიით სანიტარია და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარა, რომ შვილი დაახრჩო. მან მომხდარი „სიგიჟის შეტევით“ ახსნა, რაც, მისი თქმით, ცოლთან დაშორების ფონზე დაემართა.

ორშაბათს ნაშუადღევს მან პოლიციაში თავად დარეკა, განაცხადა, რომ შვილი მოკლა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას აპირებდა.

ამ ზარიდან რამდენიმე წუთში, მან მეუღლესა და ცოლის მშობლებს გაუგზავნა ორი ფოტოსურათი, სადაც ის და შვილი მიცვალებულთა გადასაყვან ტომრებში იყვნენ მოთავსებულნი. 

პოლიციელებმა მოზარდის ცხედარი სწორედ ასეთ ტომარაში აღმოაჩინეს, რომელიც ეჭვმიტანილმა, თავისი თქმით, სამუშაო ადგილიდან — საავადმყოფოდან წამოიღო.
იქვე იმყოფებოდა მამაც, რომელსაც ყელის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა — მან სიცოცხლის მოსპობა ყელის გამოჭრით სცადა.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, დაკითხულმა კაცმა განმარტა, რომ თავდაპირველად შვილის გაგუდვა სცადა “სახეზე ბალიში დააფარა, რის შემდეგაც უთოს სადენით დაახრჩო“.
თავისი ქმედების მიზეზად, მან დაასახელა ის, რომ იმავე დილით მიხვდა ცოლი ოჯახში აღარ დაბრუნდებოდა. ასევე ისაუბრა განქორწინების პროცესზე, რომელიც მეუღლემ წამოიწყო და აღნიშნა, რომ „ამ დაშორებას ვერ შეეგუა“.