ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათისა და მუხურის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერების იმერული ნიმუშები შეასრულეს.

კონცერტის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნანა ვალიშვილმა და მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეა კასაბურმა. აღინიშნა, რომ საქართველოში 50-მდე სალოტბარო სკოლაა გახსნილი, სადაც ქართულ საგალობლებსა და მრავალხმიან სიმღერებს ასწავლიან. ტრადიციული ქართული კულტურის ამ უნიკალური საგანძურის მომავალი თაობებისთვის გადაცემა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, რომელსაც დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ლოტბარები ემსახურებიან.

კონცერტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჩანქსელიანმა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი ესწრებოდნენ. 
 იმერული ფოლკლორის საღამო წყალტუბოში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.