წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა მოისმინა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ ძირითადად ხორციელდება გზების რეაბილიტაციის, გარე განათების ქსელის მოწესრიგებისა და სკვერების მოწყობის პროექტები.
მერის წარმომადგენლებს მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ გააცნო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2026-27 წლებში განსახორციელებელი პროექტები, რომელთა უმრავლესობა მოიცავს სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად გზების რეაბილიტაციას, მოსაცდელების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელში მოწესრიგდეს გზები, სასმელი წყლის ქსელი, მოეწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები, გაკეთდეს ყველაფერი, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივთა მოთხოვნები და პრიორიტეტები. მისივე თქმით, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2026-2027 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი ესწრებოდა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.