თურქეთის ხელისუფლებამ LGBT+ თემისთვის განკუთვნილ საკრუიზო ლაინერს ქვეყნის ორ პორტში გაჩერებაზე ბოლო მომენტში უარი უთხრა. 

ოფიციალურ მიზეზად ქვეყნის ხელმძღვანელობამ „ოჯახური ღირებულებებისა“ და „მორალური სტანდარტების“ დარღვევა დაასახელა. კომპანია Virgin Voyages-ის კუთვნილი გემი „Scarlet Lady“, რომელიც LGBT+ მოგზაურობების ორგანიზებაზე სპეციალიზებულმა სააგენტო Atlantis Events-მა დაიქირავა, ათენიდან (საბერძნეთი) ეგეოსის ზღვის მიმართულებით კვირას გავიდა.

მარშრუტის მიხედვით, ლაინერს ორი გაჩერება თურქეთში — კუშადასსა და სტამბოლში უნდა გაეკეთებინა. „საზოგადოების სტრუქტურის საწინააღმდეგო ქცევა“ როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, თურქეთის ხელისუფლებამ ორგანიზატორები გადაწყვეტილების შესახებ ხუთშაბათს გააფრთხილა და განაცხადა, რომ გემი აღნიშნულ პორტებში სასურველი სტუმარი აღარ არის.

ადგილობრივი უწყებების განმარტებით, აღნიშნული ჯგუფი „ცნობილია თავისი ქცევით, რომელიც ეწინააღმდეგება თურქული საზოგადოების სტრუქტურასა და ტრადიციებს“. ამ მიზეზით, თურქულმა მხარემ უარი თქვა გემის მიღებაზე, რამაც ტურისტული მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.