ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა.
უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილი.
როგორც ლევან ზალკალიანმა აღნიშნა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გამთენიისას გააქტიურდა მეწყრული პროცესი. რის შედეგადაც მყისიერად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. მოქალაქეები უკვე განთავსებული არიან როგორც ტყიბულის, ისე ქუთაისის სასტუმროებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროებების ნივთებითა და მედიკამენტებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი და აქტიური კომუნიკაციაა გვაქვს მოსახლეობასთან“,- განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
მეწყრულ ზონაში მუშაობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სტიქიის ზონაში მოკვლევას აწარმოებენ გეოლოგები.
მეწყრის შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.