თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გადავჭრით ჩვენს არსებულ პრობლემებს, როგორ მოვაგვარებთ იმ საკითხებს, რომელიც დღეს კიდევ დგას დღის წესრიგში და მოსაგვარებელია. ეს მუდმივი პროცესია, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებს მათი პოლიტიკური ძალა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უყურებს, რადგან თავად მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი, ვის აირჩევენ ადგილებზე, როგორც მერებად, ასევე საკრებულოებში თავიანთ მაჟორიტარ წარმომადგენლებად.
„ასევე, პარტიული სიით საკრებულოში შესული წევრები ძალიან აქტიურად ვაპირებთ შემდგომში მუშაობას თითოეულ უბანთან, ქუჩასთან, ეზოსთან, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს.
თვითმმართველობის როლი და რეიტინგი არც თუ ისე დაბალია ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების პერიოდში კიდევ უფრო გაზრდის თვითმმართველობების მიმართ მოსახლეობაში ნდობის ხარისხს“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ადგილებზე ის ადამიანები, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში გაუძღვებიან თავიანთ ქალაქებსა და სოფლებს.
„თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გადავჭრით ჩვენს არსებულ პრობლემებს, როგორ მოვაგვარებთ იმ საკითხებს, რომელიც დღეს კიდევ დგას დღის წესრიგში და მოსაგვარებელია. ეს მუდმივი პროცესია - განახლება, რეაბილიტაცია, მშენებლობები და ასე შემდეგ. ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, ადგილებზე მყოფი პოლიტიკოსების არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტად ვიყოთ ხალხთან, უფრო მეტად მოვისმინოთ მათი პრობლემები, გადავჭრათ და რასაც ვახორციელებდით ამ წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი ძალითა და განახლებული ენერგიით ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა აბაშიძემ.